saqarTvelos vakeebi - gardabnis vake
ისტორიული სახელწოდება: ყარაიის ველი.
ქვემო ქართლის ვაკის აღმოსავლეთი ნაწილი, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეზე. ივრის ზეგანს (ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით), მდინარე მტკვარსა (დასავლეთით) და საქართველოს და აზერბაიჯანისსაზღვარს (სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით) შორის. გარდაბნის ვაკე აკუმულაციური ტერასული ვაკეა. სიმაღლე ზღვის დონიდან 450 მ. აგებულია ძველი და ახალგაზრდა ალუვიური ნალექებით (რიყნარი, ქვიშნარი, თიხნარი). ჰავა მშრალი სუბტროპიკულია. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12,9 °C, იანვრის საშუალო ტემპერატურა 0,3 °C, ივლისი 25,3 °C. აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა - 25 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 41 °C. ნალექები 422 მმ წელიწადში.მაქსიმალური მაისშია (68 მმ), მინიმალური - იანვარში (16 მმ). გარდაბნის ვაკე მდინარეებით ღარიბია. დასავლეთით ჩამოუდის მდინარე მტკვარი, ტერიტორიის დიდი ნაწილი ირწყვის გარდაბნის არხით, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ჯანდარის ტბა. გარდაბნის ვაკეზე ჭარბობს სხვადასხვა სახის წაბლა ნიადაგი. ტაფობებსა და ურწყავ უბნებში გავრცელებულია დამლაშებული და ბიცობიანი ნიადაგები, მდინარე მტკვრის გაყოლებით - ალუვიური ნიადაგი.
მცენარეულ საფარში გაბატონებულია მშრალი ველისა და ნახევარუდაბნოს ასოციაციები. დამახასიათებელია უროიანი და ავშნიან-უროიანი ველები. ფართოდაა გავრცელებული ავშანი და მლაშობის მცენარეები. მტკვრის სანაპიროზე ფრაგმენტებად შემორჩენილია ჭალის ტყეები.
გარდაბნის ვაკის გარფლებში განვითარებულია ჭალის ტყის, ტერასული ვაკის ველისა და ნახევარუდაბნო-მშრალი ველის ლანდშაფტები. ვაკის დიდი ნაწილი გადახნულია, გამოყენებულია მარცვლეული და ბაღჩეულ-ბოსტნეული კულტურებისათვის, ურწყავ ადგილებზე საძოვრებია.